პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი "პოლიტიკურ დემარშს" უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პარლამენტს ასარჩევად ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არ წარედგინა.
ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობამ პრეზიდენტის პოლიტიკურ დემარშს პოლიტიკურადვე უნდა უპასუხოს.
"იმის გამო, რომ კალანდარიშვილს რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს და არ უნდა იქნეს წარმოდგენილი მისი კანდიდატურა განსახილველად, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ადამიანურადაც და პროფესიონალურადაც არასწორია. ადამიანმა, რომელმაც იშრომა, რომელმაც გამოავლინა მაღალი დონე პროფესიონალიზმის, მისი ხელმძღვანელობით მთელმა გუნდმა, ეს უნდა იყოს კრიტერიუმი შეფასების და ეს უნდა იყოს კრიტერიუმი იმ გადაწყვეტილების, რატომ და ვინ უნდა წარმოადგინოს განსახილველად. ხოლო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს, რასაკვირველია, არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თავისთავზე თვითონ მეტყველებს. გამოდის, რომ ვინც წარმოადგინა კანდიდატურა, იმას უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი, ვალდებულება აქვს ასეთი, თუ მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რა ესიამოვნება რადიკალურ ოპოზიციას. აი ამ შეკითხვას მე მგონი რომ ვერ პასუხობს ის განმარტება, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა. ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარშია გაკეთებული და ამ დემარშს პოლიტიკურადვე უნდა ვუპასუხოთ. თუმცა ვიდრე არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია, ამაზე წინასწარი განცხადების გაკეთება არ არის მართებული", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 5 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები.
6 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტა, რატომ არ წარადგინა ზურაბიშვილმა კალანდარიშვილის კანდიდატურა.