საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„რაც შეეხება ცესკო-ს მეორე წევრის თანამდებობას, ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N05/08/01 განკარგულებით ცხადდება ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.
ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge.
ცესკო-ს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.