6 აგვისტოს, იაპონიის ქალაქს ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 77-ე წლისთავი აღნიშნეს.
ღონისძიებას ესწრებოდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, მთლიანად უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.
"კრიზისი სერიოზული ბირთვული ელფერით, სწრაფად ვრცელდება - ახლო აღმოსავლეთიდან კორეის ნახევარკუნძულამდე და რუსეთის შეჭრა უკრაინაში", - თქვა გუტერეშმა ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალურ პარკში გამართულ ღონიძიებაზე.
"კაცობრიობა დატენილი თოფით თამაშობს", - დასძინა მან.
"ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჰიროსიმას საშინელებები და ვაღიაროთ, რომ ბირთვული საფრთხის აღსაკვეთად ერთადერთი გამოსავალია ბირთვული იარაღის სრული მოსპობა", - თქვა გუტერეშმა.
ჰიროსიმაში ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, გაეროს გენერალური მდივანი პირველად დაესწრო ბოლო 12 წლის განმავლობაში. ბოლოს ამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი იმყოფებოდა 2010 წელს.
ცერემონიას რეკორდული რაოდენობის წარმომადგენელი ესწრებოდა 99 ქვეყნიდან და ევროკავშირიდან. რუსეთი და ბელარუსი არავის მიუწვევია.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მსხვერპლთა ხსოვნას, სწორედ იმ მომენტიდან, დილის 8:15 წუთიდან, როდესაც პირველი ბომბი ჩამოვარდა ქალაქში 1945 წლის 6 აგვისტოს.
1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 08:15 საათზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომბური ბომბი, რომელმაც მიწასთან გაასწორა 350-ათასიანი ქალაქი. ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებას 140 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
სამი დღის შემდეგ, ატომური ბომბი ჩამოაგდეს ქალაქ ნაგასაკში, რომელსაც 75 ათასი ადამიანი შეეწირა.
ატომური დაბომბვიდან მალევე იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვები კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღის სამხედრო გამოყენების ერთადერთ შემთხვევად რჩება. შეტევა განხორციელდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე.