ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს დანიშნა. ეს იქნება რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში 2 წელიწადზე ნაკლებ დროში.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ივნისში რეფორმისტი პრემიერ-მინისტრის კირილ პეტკოვის კოალიციური მთავრობა დაიშალა.
არჩევნების შედეგების მიხედვით მთავრობის დაკომპლექტებამდე, ქვეყანას დროებითი მთავრობა განაგებს, რომელსაც პრეზიდენტ რადევის გადაწყვეტილებით, შრომის ყოფილი მინისტრი გალაბ დონევი უხელმძღვანელებს.
მოსალოდნელია, რომ დროებითი მინისტრთა კაბინეტი უფრო რბილ პოზიციას დაიკავებს მოსკოვის მიმართ, რაც შეიძლება მოიცავდეს რუსული გაზის იმპორტის განახლების მცდელობებს. ის ასევე შესაძლოა შეეცადოს მოსკოვთან ურთიერთობების გამოსწორებას მას შემდეგ, რაც პეტკოვის მთავრობამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის საელჩოს თანამშრომლები გააძევა.
ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისი ივნისში დაიწყო, როდესაც პოპულისტური პარტია "არსებობს ასეთი ხალხი" ოთხპარტიული მმართველი კოალიციიდან გამოვიდა. ოპოზიციურმა პარტიამ GERB-მა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი ხელმძღვანელობს, უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო და კირილ პეტკოვის მთავრობა დაითხოვეს.
პარლამენტის უმსხვილესი პარტია "ვაგრძელებთ ცვლილებებს" შეეცადა ახალი მთავრობის ფორმირებას, თუმცა მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.
კირილ პეტკოვმა ბულგარეთის მთავრობის სტაბილურობის ძირის გამოთხრის მცდელობაში, სხვათა შორის დაასახელა სოფიაში რუსეთის ელჩი და თავად რუსეთი, რომელიც, მისი თქმით, ძალ-ღონეს არ იშურებდა მთავრობის წინააღმდეგ ულტრამემარჯვენე ძალების დარაზმვაში.