ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა. იტყობინება ბულგარული საინფორმაციო სააგენტო БГНЕС-ი.
პეტკოვის განცხადებით, გაძევებული პირები ბულგარეთში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, გაძევებულ რუსებს დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ, მაგრამ ისინი ეწეოდნენ "შეუფერებელ საქმიანობას", რომელიც ბულგარეთის უსაფრთხოების სამსახურებმა გამოააშკარავეს.
"ეს არ არის აგრესია რუსი ხალხის წინააღმდეგ. ვინც საგარეო ინტერესებისთვის მუშაობს, ვაიძულებთ, დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, საიდანაც ის მოვიდა", - ხაზგასმით აღნიშნა ბულგარეთის პრემიერმა.
"კვირას ველოდებით 70-ადგილიან თვითმფრინავს, რომელიც მათ მოსკოვში წაყვანს", - დასძინა პეტკოვმა.
ეს არ არის ბულგარეთიდან რუსი დიპლომატების თუ დიპლომატიის საფარქვეშ მოქმედი აგენტების გაძევების პირველი შემთხვება/
მარტის დასაწყისში ბულგარეთის კონტრდაზვერვამ გამოააშკარავა თადარიგის გენერალი, რომელიც ჯაშუშობდა კრემლის სასარგებლოდ. ამის საპასუხოდ ბულგარეთის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა.
იმავე თვის ბოლოს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
აპრილის დასაწყისში კი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სოფიაში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, რომელიც სავარაუდოდ, ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა.