ბულგარეთის პარლამენტმა პროდასავლელი პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტკოვის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას, 132 დეპუტატი მიემხრო, წინააღმდეგ - 116 წავიდა. უნდობლობის წინადადება პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიამ "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის" (GERB) წარუდგინა.
კირილ პეტკოვი, ახალბედა პოლიტიკოსი და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ბულგარეთის მთავრობას 2021 წლის დეკემბერში ჩაუდგა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 3 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოხერხდა მყიფე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.
კოალიციურ მთავრობაში შედიოდნენ პეტკოვის პარტია "ვაგრძელებთ ცვლილებებს" (PP), ბულგარეთის სოციალისტური პარტია, პოპულისტური პარტია "არსებობს ასეთი ხალხი" და ლიბერალური ალიანსი "დემოკრატიული ბულგარეთი". ყველა ეს პარტია მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან პოლიტიკური პოზიციებით.
ივნისის დასაწყისში, პარტია "არსებობს ასეთი ხალხის" ლიდერმა სლავა ტრიფონოვმა თავისი პარტია მმართველი კოალიციიდან გაიყვანა. მან განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრთან უთანხმოება ჰქონდა ბიუჯეტთან დაკავშირებით. ამასთან, ტრიფონოვმა პეტკოვი დაადანაშულა ზედმეტად რბილ პოზიციაში ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ბოლო ხანებში, ბულგარეთი აფერხებდა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან სოფია სკოპიეს ბულგარული უმცირესობის უფლებების გამო ედავება.
"გპირდებით, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის დასაბრუნებლად და ერთ მშვენიერ დღეს გვექნება მაფიისა და მარიონეტებისგან თავისუფალი ბულგარეთი, ნამდვილი ევროპული ქვეყანა", - განაცხადა პეტკოვმა პარლამენტში უნდობლობის საკითხის კენჭისყრისას.
კირილ პეტკოვმა ბულგარეთის მთავრობის სტაბილურობის ძირის გამოთხრის მცდელობაში, სხვათა შორის დაასახელა სოფიაში რუსეთის ელჩი და თავად რუსეთი, რომელიც, მისი თქმით, ძალ-ღონეს არ იშურებდა მთავრობის წინააღმდეგ ულტრამემარჯვენე ძალების დარაზმვაში.
უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შემდეგ, ახალი მთავრობის ფორმირება პრეზიდენტმა რუმენ რადევმა კირილ პეტკოვს დაავალა. პეტკოვმა კიდევ ერთხელ უნდა სცადოს, მოიპოვოს მხარდაჭერა მთავრობის ჩამოყალიბებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში 2021 წლის აპრილის შემდეგ, მეოთხედ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.