"ბიჭვინთისთვის", "დუმილი დანაშულია!" - ამ სახელწოდებით ხვალ, 29 ივლისს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
"დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთს მფლობელობაში გადაეცემა. ე.წ. შეთანხმება შედგა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის.
აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზეთის მოსახლეობაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივები თვლიან, რომ ეს არის ანექსია და რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების სამუდამოდ წართმევა.
7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიოტრიის მითვისებაზე.
29 ივლისს, 19:00-ზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ვიკრიბებით, რათა საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია!", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
შეგახსენებთ, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში 2022 წლის 11 ივლისს დაიწყო განხილვები ბიჭვინთა-მიუსერის აღკვეთილში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის გასხვისებასთან დაკავშირებით. ამ ტერიტორიის გადაცემაზე სოხუმსა და მოსკოვს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ ამ წლის 19 იანვარს გაფორმდა, თუმცა გასაიდუმლოებული გარიგების შესახებ აფხაზურმა საზოგადოებამ შვიდი თვის შემდეგ, ანუ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც პარლამენტში ამ საკითხის განხილვა ღიად დაიწყო.
მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმება ითვალისწინებს სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურისთვის საკუთრებაში, ხოლო მიმდებარე 186 ჰექტარი მიწისა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტრის 49-წლიანი იჯარით გადაცემას. ამ პროცესებს აფხაზურ საზოგადოებაში აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა. პროტესტის პასუხად დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთს მეტი ალტერნატივა არ აქვს, რუსეთი მათთვის ერთადერთი ალტერნატივაა, მაშინ როცა „მეზობლებთან“ ომში იმყოფებიან და დასავლეთი მათ არ აღიარებთ.
ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას არც ერთ განცხადება არ გაუკეთებია. დუმილი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია. ზურაბიშვილი ბიჭვინთის პროცესებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიად აფასებს და გმობს.