საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში დაგეგმილ პროექტს გამოეხმაურა.
„ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში 2022 წლის 11 ივლისს დაიწყო განხილვები ბიჭვინთა-მიუსერის აღკვეთილში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის გასხვისებასთან დაკავშირებით. ამ ტერიტორიის გადაცემაზე სოხუმსა და მოსკოვს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ ამ წლის 19 იანვარს გაფორმდა, თუმცა გასაიდუმლოებული გარიგების შესახებ აფხაზურმა საზოგადოებამ შვიდი თვის შემდეგ, ანუ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც პარლამენტში ამ საკითხის განხილვა ღიად დაიწყო.
მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმება ითვალისწინებს სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურისთვის საკუთრებაში, ხოლო მიმდებარე 186 ჰექტარი მიწისა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტრის 49-წლიანი იჯარით გადაცემას. ამ პროცესებს აფხაზურ საზოგადოებაში აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა. პროტესტის პასუხად დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთს მეტი ალტერნატივა არ აქვს, რუსეთი მათთვის ერთადერთი ალტერნატივაა, მაშინ როცა „მეზობლებთან“ ომში იმყოფებიან და დასავლეთი მათ არ აღიარებთ. თუმცა, როგორც ჩანს, აფხაზურ საზოგადოებაში ამ საკითხს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გაჩნდა რეფერენდუმის იდეაც „ენდობა თუ არა ხალხი დღევანდელ პარლამენტს“.
კონფლიქტის რეგიონებში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გააქტიურებას მოსდევს აშკარა უკმაყოფილება ადგილობრივი ელიტებისა და საზოგადოების მხრიდან და ამავდროულად, რუსეთის მხრიდან კეთდება განცხადებები მომავალში ადგილობრივი ხელისუფლებების დაფინანსების შემცირების თაობაზე.