ბულგარეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშზე 890 000 დოლარის ტრანზაქცია დაბლოკილია, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში. განაცხადა ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა.
"რუსეთის საელჩოს ანგარიშზე გადარიცხვა პირდაპირ ექვემდებარება ევროკომისიის სანქციებს. რუსეთის საელჩომ მოითხოვა ამ ტრანსფერზე სანქციების გაუქმება და ახლა მიმდინარეობს ევროკომისიასთან მოლაპარაკება", - განაცხადა მინისტრმა.
ვასილევის თქმით, რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ თანხა ხელფასების გასაცემად არის განკუთვნილი.
მინისტრის განმარტებით, ტრანსფერის დაბლოკვა ავტომატურად მოხდა ევროკავშირის სანქციების საფუძველზე.
სოფიაში რუსეთის საელჩომ დაადასტურა ინფორმაცია ტრანსფერის დაბლოკვის შესახებ, თუმცა კომენტარისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, 28 ივნისს ბულგარეთმა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, ჯაშუშური საქმიანობის გამო რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა.
რუსეთმა ბულგარეთს წაუყენა ულტიმატუმი და დაემუქრა საელჩოს დახურვით, თუ სოფია 1-ლი ივლისის შუადღისთვის არ გააუქმებდა გაძევების გადაწყვეტილებას. სოფიამ უარი თქვა კრემლის ულტიმატუმის შესრულებაზე.
რუსეთის ელჩმა ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვამ განაცხადა, რომ ის რუსეთის ხელისუფლებასთან სოფიაში საელჩოს დახურვის საკითხს დააყენებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირობა დადო, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.