"ბიძინა ივანიშვილსა და სამშობლოს შორის რა გადაწყვეტილებას იღებთ - ბიძინა თუ საქართველო? თუ საქართველო, მაშინ თქვით, როგორ აპირებთ ჩამოწერილი პუნქტების შესრულებას", - ასე მიმართა ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია",- ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე.
ლევან ხაბეიშვილმა 20 ივნისს გამართული აქციის შესახებ ისაუბრა.
"ამაყი ვარ საქართველოს თითოეული მოქალაქით, რომელმაც თავისი პოზიცია მყარად დააფიქსირა რუსთაველზე და სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ - ნაცვლად იმისა, რომ თქვენც ბედნიერები იყოთ, რომ ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რას ითხოვს განა ცუდს, ითხოვს თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში ცხოვრებას და ამასობაში, ნაცვლად იმისა, რომ ეს გიხაროდეთ, ქვებს და ტალახს ესვრით ამ ადამიანებს.
ამ წლების განმავლობაში, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია გეუბნებოდათ, რომ ხართ ყელამდე კორუფციაში, რომ მომპარავები და ქურდები ხართ. ევროპამ გითხრათ, რომ აღარ უნდა მოპაროთ თქვენს ხალხს, კორუფცია გაქვთ ქვეყანაში, ელიტური, მათ შორის და ამას თუ არ იზამთ, ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, რომ ჩვენ მერე ევროკავშირში მიგიღოთ. ამასობაში, საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულს არ იძიებთ. მიგითითათ, უნდა გამოიძიოთო და არა პირიქით, თქვენ იყოთ ამის თავკაცები და ამ თაღლითურ სქემებში ჩართულებიო.
ბიძინა ივანიშვილზე რას აპირებთ? შეიძლება, მართლა ყველაფერი შეასრულოთ, თუ ის ერთი კაცი გეტყვით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე რას აპირებთ? პირდაპირ გითხრეს, რომ ეს კაცი არ უნდა მართავდეს ქვეყანას, არ უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიმღები. პირდაპირ გითხრათ და მერე მოყვებით ვიშვიშს, ბიძინა ივანიშვილი რა შუაშიაო. აბა, ღარიბაშვილი რა შუაშია პრემიერ-მინისტრად?
ბიძინა ივანიშვილსა და სამშობლოს შორის რა გადაწყვეტილებას ღებულობთ? ბიძინა თუ საქართველო? თუ საქართველო, მაშინ თქვით, როგორ აპირებთ ჩამოწერილი პუნქტების შესრულებას?
ისტორიაში პირდაპირ დაიწერება, რომ ადამიანი, ვინც ხელს უშლიდა საქართველოს ევროპულ მომავალს, პერსპექტივას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მის გვერდით იდექით. გინდათ, რომ ისტორიის ამ ნაწილში იყოთ?", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.