რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. მთავრობის თავმჯდომარედ კონსტანტინე ჯუსოევი "დანიშნა".
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნოს ჯუსოევი კონსტანტინე. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან", - ნათქვამია გაგლოევის "განკარგულებაში".
მანამდე, 17 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა თანხმობა მისცა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ე.წ. მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კონსტანტინე ჯუსოევის დანიშვნის შესახებ.
ჯუსოევი 55 წლისაა. მანამდე, ის სამშენებლო კომპანია "მეგაპოლისის"გენერალურ დირექტორად მუშაობდა.
"იგი ხელმძღვანელობდა საბინაო, სამოქალაქო, კომერციული და სოციალური ობიექტების მშენებლობას, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის", - იტყობინება ადგილობრივი მედია.
2022 წლის 24 მაისს, "საპრეზიდენტო არჩევნებში" ალან გაგლოევის გამარჯვებულად ცნობის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა.