რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს "ოკუპირებული" აქვს "ძირძველი" ოსური მიწა - ყაზბეგი.
რუსეთის მიერ მართული მარიონეტული რეჟიმი "მკაცრად გმობს" გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ მიღებულ რეზოლუციას და აცხადებს, რომ დოკუმენტში ასახულია ცალმხრივად პოლიტიკურად მიკერძოებული მიდგომა, რომელსაც "არაფერი აქვს საერთო საქმის რეალურ მდგომარეობასთან და დევნილების ბედზე შეშფოთებასთან".
ე.წ. სამინისტრო აცხადებს, რომ "უცნაურია" რეზოლუციაში გამოთქმული შეშფოთება "ჰიპოთეტური ქართველი დევნილების შესახებ, როდესაც სეპარატისტების თქმით, ისტორიას ახსოვს ეთნიკური ქართველების მიერ "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიის მიზანმიმართულად დატოვების პროცესი ქართული ჯარების "თავდასხმამდე" 90-იან წლებსა და 2008 წლის აგვისტოში.
ასევე საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთიდან" და საქართველოდან 1990-იანი წლებიდან საქართველოს მხრიდან "ეთნიკურ წმენდას" გაექცა 100 ათასამდე ოსი ეროვნების ადამიანი, რომელთა ბედი, მარიონეტების თქმით, დასავლეთს არ აშფოთებს.
ამასთან, საოკუპაციო რეჟიმი აღშფოთებულია, რომ "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად არის დასახელებული და აცხადებს, რომ "სინამდვილეში" საქართველოს აქვს "ოკუპირებული" ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორია - ყაზბეგი.
"რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მიერ, ფაქტობრივად, ოკუპირებულია ოსეთის ძირძველი მიწა - ე.წ ყაზბეგის რაიონი, სადაც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები. ამ მიწებიდან იძულებით გამოძევებულ ოს მოსახლეობას ეკრძალება საკუთარი სახლების, წინაპრების საფლავების მონახულება და საქართველოს ხელისუფლება და მისი დასავლელი მეგობრები გაეროში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ", - აცხადებენ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები.