ხარკოვის ოლქში დიდი დანაკარგების გამო რუსულმა მოტომსროლელთა ქვედანაყოფმა პირველი არმიის ბრიგადიდან ომზე უარი თქვა. ამის შესახებ ნათქვამია ურაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ ფიქსირდება საომარ მოქმედებებში უარის თქმა ქვედანაყოფების მიერ, რომლებიც დაკომპლექტებულია დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ტერიტორიებიდან იძულებით მობილიზებული პირადი შემადგენლობისგან.
გენშტაბის ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით რუსეთის არმიის 30 ტაქტიკური ბატალიონი იბრძვის. "ისინი სისტემატურ საცეცხლე გავლენას ახდენენ, რათა შეაკავონ უკრაინის თავდაცვის ძალების ქმედებები და არ დაუშვან მათი შემდგომი გადაადგილება სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით.
ხარკოვის მიმართულებაზე მტერი აგრძელებს თავდაცვით მოქმედებებს. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია საზღვრებთან პოზიციების შენარჩუნებისკენ. აგრესორი საარტილერიო ცეცხლით ბომბავს უკრაინულ ძალებს, რათა არ დაუშვას მათი შეტევაზე გადასვლა.
სლავიანსკის მიმართულებით, რუსი ჯარისკაცები ამზადებენ პირობებს ახალი შეტევისთვის. დონეცკში რუსეთის არმია აგრძელებს დარტყმებს ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ. გრძელდება საავიაციო და სარაკეტო იერიშები, მათ შორის დასახლებულ პუნქტებზეც.
ლიმანის მიმართულებით, რუს სამხედროებს შეტევა არ განუახლებიათ, თუმცა ცეცხლი გახსნეს დასახლებული პუნქტების გრიგორევკას და სერებრიანკას მიმართულებით.
სევეროდონეცკის მიმართულებაზე ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობენ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებას, საომარი მოქმედებები გრძელდება.
ბახმუტის მიმართულებაზე რუსები იყენებენ ავიაციას, ცდილობენ შტურმის განხორციელებას ნირკოვოსა და ნიკოლაევკის დასახლებული პუნქტების მიმართულებით. უკრაინელი სამხედროების ცეცხლის გამო ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს. მტერი ცდილობდა ნაგორნოესა და ბერესტოვოს მიმართულებით წინსვლას, მაგრამ დარტყმები მიიღო და უკან დაიხია.
რუსებმა წინ წაიწიეს ვიზდვიჟენსკის მიმართულებით, მოიპოვეს გარკვეული წარმატება და დაკავებულ პოზიციებზე გამაგრდნენ.
დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებებზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის შვიდი შეტევა მოიგერია. გაანადგურა ათი ტანკი, შვიდი საარტილერიო სისტემა, ოთხი საბრძოლო ჯავშანმანქანა, სამი სპეციალური შეჯავშნული მანქანა, ოთხი ერთეული საავტომობილო ტექნიკა და საბრძოლო მასალის საცავი. საჰაერო თავდაცვს ქედანაყოფებმა ჩამოაგდეს მტრის „ორლან-10“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის ავიაციამ დარტყმები მიიტანა რუსეთის არმიის პოზიციებზე, ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის შეკრების ადგილებზე ხერსონის ხუთ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში.