ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან მიიღო წინადადება "დიპლომატიური" ურთიერთობების დამყარებისა და "ურთიერთაღიარების" შესახებ. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მას სირიაში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა ბაგრატ ხუტაბამ განუცხადა.
"ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წინადადება იემენის რესპუბლიკისგან დიპლომატიური ურთიერთობისა და ურთიერთაღიარების შესახებ. ჩვენ მათი მადლიერნი ვართ, ვიცით, რომ დღეს რთული ვითარებაა, ფაქტობრივად სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ იემენში სიტუაცია დასტაბილურდება და მშვიდობიან ეტაპზე გადავა", - უთხრა ხუტაბამ "რია ნოვოსტის".
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც იემენში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, "დიპლომატიური" ურთიერთობის დასამყარებლად "სამართლებრივი" ბაზის შემუშავების პროცესი დაიწყება.