რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია გაიმართა.
"ინაუგურაციის ცერემონია" ცხინვალის ცენტრში მდებარე სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაგლოევმა "საპრეზიდენტო ფიცი" ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "ორ სახელმწიფო ენაზე - ოსურ და რუსულ ენებზე წარმოსთქვა".
სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ე.წ. ინაუგურაციას ესწრებოდნენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტები ლუდვიგ ჩიბიროვი, ლეონიდ თიბილოვი და ანატოლი ბიბილოვი.
ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის და მისი სუბიექტების: ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ყაბარდო-ბალყარეთის დელეგაციები, ასევე ნიკარაგუის, ოკუპირებული აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დელეგაციები.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს ჩატარდა, სადაც გაგლოევმა 56,09%-ით (16 134 ხმა) "გაიმარჯვა".