აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა დუბლინში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოებასა და შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
დეკლარაციის თანახმად, მხარეები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მომზადების, შესაძლებლობების განვითარების და თავსებადობის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე განიხილავენ თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სამართალდამცავ უწყებებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, სასაზღვრო მართვის სფეროში თანამშრომლობას და სამართლებრივ საკითხებზე კოორდინაციას.
ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, მხარეები სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას, განახლებადი ენერგიის, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სექტორებში ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას გეგმავენ.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შუა დერეფანს. დეკლარაციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი და აზერბაიჯანი მხარს დაუჭერენ ამ სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას, ასევე სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნებს შორის ვაჭრობასა და ინვესტიციებს შეუწყობს ხელს.
თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულება განათლება, მეცნიერება და ინოვაციებია. მხარეები გეგმავენ უმაღლესი და პროფესიული განათლების, ციფრული და ტექნიკური უნარების განვითარებას, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას.
დოკუმენტის შესრულების საკითხების შესაფასებლად მხარეები ყოველწლიური სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრების გამართვაზეც შეთანხმდნენ.
ალიევის ადმინისტრაციის ცნობით, დეკლარაციის გაფორმებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. დოკუმენტი დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაფორმდა.