"დღეს თუ საქართველოს დასავლურ მომავალს საფრთხე შეექმნება, ამაში უბრალოდ, ფიზიკურად ვერ იქნება ოპოზიცია დამნაშავე, მიუხედავად იმისა, სად დაძვრება,, რომელ კაბინეტში რას აკეთებს. იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი სწორი ქმედებებით, ნებისმიერი ოპოზიციონერის მიერ გაკეთებული ასეთი ცუდი საქციელი გადაფაროთ და უფრო გასაგებად უთხრათ ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ ამას არ აკეთებთ“,-ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, ხელისუფლება ვერ ხვდება შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტს და მის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, შედეგებზე პასუხისმგებლობას კი ოპოზიციას აკისრებს.
„თქვენ ვერ ხვდებით კონტექსტს, თუ რა ხდება დღეს სამყაროში და იქცევით ამ კონტექსტის საწინააღმდეგოდ. თქვენ გაქვთ მოწყობილი პოლიტიკური ჭაობი ქვეყანში, სადაც მკვდარია პოლიტიკური ცხოვრება და არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება არც ერთ პოლიტიკურ ორგანოში.
სწორედ თქვენ ტოვებთ ამ ქვეყნის მომავალს წინაპრების წარსული დამსახურებების იმედად და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ აწმყოში სათქმელი და საამაყო არაფერი გვქონდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და ამის მერე გინდათ, რომ ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოთ. თქვენ ხართ ამაში დამნაშავე და არა ოპოზიცია.
თქვენ არ ამთავრებთ ამ მტრობას და დაძაბულობას საქართველოში ადამიანებს შორის და თქვენ გყავთ დაყოფილი საზოგადოება ქოცებად და ნაცებად ნაცვლად იმისა, რომ შეგიძლიათ ეს მტრობა დაამთავროთ და ყაველამ ერთად ვიზრუნოთ ამ ქვეყნის განვითარებისთვის და ჩვენი დასავლური მომავლისთვის.
სანამ ეს არ შეიცვლება, სანამ თქვენ არ შეიცვლებით, ან ხასიათებით, ან პოლიტიკურად, ჩვ4ენ სულ ვიქნებით ამ ჭაობში, სადაც ახლა ვართ და სულ ექნება პრობლემა საქართველოს დასავლურ მომავალს, ოღონდ არა ოპოზიციის, არამედ თქვენი დამსახურებით“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.