"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს.
"ვხვდები, რომ არაფერია უფრო კონსოლიდირებული ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვაში, არაფერია უფრო გამბედავი რუსეთთან და მის ადგილობრივ დამქაშებთან ბრძოლაში, არაფერია უფრო კომპეტენტური და პროფესიისთვის თავდადებული ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ვიდრე ქართული კრიტიკული მედია. მიიღეთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და უღრმესი სიყვარული. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. საერთო გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა.
უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მიშაზე ეს არ ვრცელდება - მიშას კლავენ პირდაპირი მნიშვნელობით და იგი გადასარჩენია. ის თუ ვერ გადავარჩინეთ, ვეღარაფერი ჩამოგვრეცხავს ისტორიულ სირცხვილს და ვეღარაფერი ვერ გაგვაძლიერებს", - წერს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას წერილი "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
16 მაისს სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.