საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება.
Amnesty International-ის განცხადებით, "ნიკა გვარმიასთვის გამოტანილი განაჩენი განსხვავებული ხმის პოლიტიკური მოტივით გაჩუმებაა".
ორგანიზაციის დირექტორი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მარია სტრუტერსი ნიკა გვარამიას სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
"ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში აქტი მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
Amnesty International ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან არსებული პოლიტიკური მოტივებით, რომელიც შექმნილია გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაცის შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაულის ნიშნები, რაზედაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სახალხო დამცველიც მიანიშნებდნენ".
16 მაისს სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.