რუსეთმა შეერთებულ შტატებს ნოტა გაუგზავნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
მოსკოვის მიერ ვაშინგტონისთვის საპროტესტო ნოტის გადაცემას Washington Post-ი ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში იტყობინებოდა, რაც ელჩმა დაადასტურა კიდეც, თუმცა ნოტის გაგზავნის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
"800 მილიონი დოლარი - ეს ის თანხაა, რა ღირებულების იარაღსაც ვაშინგტონი მიაწვდის კიევს. ეს არის უზარმაზარი მაჩვენებელი, ეს არ უწყობს ხელს სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებას", - განაცხადა ელჩმა ანტონოვმა.
ანტონოვის თქმით, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება არის "მცდელობა კიდევ უფრო აწიონ ფსონები, კიდევ უფრო გამწვავდეს სიტუაცია, დაინახონ მეტი დანაკარგი".
შეგახსენებთ, 24 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ.
საუბარია ახალი 713-მილიონიან პაკეტზე, საიდანაც 322 მილიონი დოლარი კიევს გადაეცემა, დანარჩენი კი - იმ 15 ქვეყანას, რომლებმაც უკრაინას იარაღი მიაწოდეს, რათა მათ საკუთარი არსენალში არსებული დეფიციტი აინაზღაურონ.
24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ უკვე 3,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.