რუსეთმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა დიპლომატიური ნოტა და გააფრთხილა რომ უკრაინისთვის აშშ-სა და ნატოს "ყველაზე მგრძნობიარე" იარაღის სისტემების მიწოდება "ცეცხლზე ნავთს ასხამს" და შესაძლოა, გამოიწვიოს "გაუთვალისწინებელი შედეგები". იუწყება The Washington Post-ი.
რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა დაამტკიცა უკრაინისთვის დამატებით 800 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს ჰაუბიცებს, უპილოტო აპარატებს, ჯავშანტექნიკას, ასევე დამატებით საზენიტო და ტანკსაწინაღმდეგო საშუალებებს, საარტილერიო სისტემებს და სხვა.
დოკუმენტში, შეიარაღებას შორის, რომელსაც რუსეთი "ყველაზე მგრძნობიარეს" უწოდებს, დასახელებულია „ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, რომელიც აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ მიწოდებულ შეიარაღებაში არ არის.
რუსეთი აშშ-სა და მის მოკავშირეებს ბრალს სდებს კონფლიქტის ზონაში იარაღის გაგზავნის "მკაცრი პრინციპების" დარღვევასა და "საფრთხის" უგულებელყოფაში, "რომ უკრაინაში მაღალი სიზუსტის იარაღი მოხვდება რადიკალური ნაციონალისტების, ექსტრემისტებისა და ბანდიტური ფორმირებების ხელში".
მოსკოვი ნატო-ს ადანაშაულებს უკრაინაზე ზეწოლის მცდელობაში, რომ მას [უკრაინას] "უარი ეთქვა რუსეთთან უშედეგო და წარუმატებელ მოლაპარაკებებზე, რათა გაგრძელებულიყო სისხლისღვრა".
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს სხვა ქვეყნებზე, რათა მათ შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთთან.
"მოვუწოდებთ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რომელიც გამოიწვევს გაუთვალისწინებელ შედეგებს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის", - ნათქვამია რუსული მხარის ინფორმაციაში.