შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის მთავრობის მესვეურებს შეხვდნენ.
შეხვედრა 24 აპრილს გაიმართა. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ბლინკენისა და ოსტინის კიევში ვიზიტი მხოლოდ მას შემდეგ დადასტურდა, რაც მათ უკრაინა დატოვეს.
ოსტინმა და ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს დღეებში კიევში ოფიციალურად დანიშნავს ახალ ელჩს და დააბრუნებს ამერიკელ დიპლომატებს, რომლებმაც ომის გამო დატოვეს უკრაინა.
ბლინკენი და ოსტინი უკრაინას და მის მოკავშირეებს ახალ 713 მილიონი დოლარის თავდაცვით პაკეტს დაჰპირდნენ. ამ თანხიდან 322 მილიონი დოლარი კიევს გადაეცემა, დანარჩენი კი - იმ 15 ქვეყანას, რომლებმაც უკრაინას იარაღი მიაწოდეს, რათა მათ საკუთარი არსენალში არსებული დეფიციტი აინაზღაურონ.
სააგენტო AP აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი განსხვავდება წინა პაკეტებისგნა: ეს არ არის პენტაგონის არსენალიდან იარაღის გამოყოფა, არამედ ნაღდი ფული, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ტიპის იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინა და მისი მოკავშირეები საჭიროდ მიიჩნევენ.
კიევისთვის დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინისთვის 165 მილიონი დოლარის არაამერიკული წარმოების საბრძოლო მასალის მიყიდვას, რომელიც თავსებადია უკრაინის არმიის მიერ გამოყენებულ იარაღთან.
24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ უკვე 3,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.