ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და, ასევე, სიყვარული მოყვასისა - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
პატრიარქის განცხადებით, შიში კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია, ყველაზე ძლიერი სიკვდილის შიშია, თუმცა ქრისტეს მორწმუნეთ იციან, რომ სხეულის დაფვლა მიწაში ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს.
"ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და, ასევე, სიყვარული მოყვასისა, რაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა.
„უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისგან გამომხსნელი" (იგ. 14,27). იგი სულიერი სიბრძნის დასაწყისია, რადგან ამ მადლის მქონეთ ეძლევათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, უნარი გონივრული ნაბიჯების გადადგმისა და მშვიდობისმყოფლობისა, მოყვასის სიყვარულისა და მისთვის თავდადებისა.
ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს, რადგან იგი განსაცდელსა და მწუხარებას მისთვის საჭირო მწარე, თუმცა მაკურნებელ, წამლად მიიჩნევს და ეშინია მხოლოდ იმისა, რომ არ შეექმნას სულიერი სიკვდილის საფრთხე (შდრ. მთ. 10,18).
ღვთის შიში უფალთან სიახლოვით მტკიცდება, უფრო აღმატებულ სულიერ მდგომარეობაში კი მას სრული სიყვარული ცვლის, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: „სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული განდევნის შიშს, ... ხოლო ვისაც შიში აქვს, არასრულქმნილია სიყვარულში" (1 ინ. 4.18).
სრულქმნილი სიყვარულის მიღწევისათვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს", - ნათქვამია ეპისტოლეში.