რუსეთმა დონბასში გაგზავნა 20 000-მდე დაქირავებული მებრძოლი სირიიდან და ლიბიიდან. იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
წყაროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაქირავებულ მებრძოლთა რაოდენობა 10 000-დან 20 000-მდე მერყეობს. ვარაუდობენ, რომ მათ შორის არიან კრემლის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები.
"რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ ნამდვილად ვნახეთ გადაადგილება ამ ტერიტორიებიდან, სირიიდან და ლიბიიდან, დონბასის აღმოსავლეთ რეგიონში და ეს ბიჭები ძირითადად საზარბაზნე ხორცად გამოიყენებიან უკრაინის წინააღმდეგ. ისინი არიან ქვეითები, მათ არ აქვთ მძიმე აღჭურვილობა და მანქანები", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
გამოცემის ინფორმაციით, სირიელ მებრძოლებს კრემლმა შესთავაზა ყოველთვიური ხელფასი 600-დან 3000 დოლარამდე, წოდებისა და გამოცდილების მიხედვით.
მათივე ცნობით, "ვაგნერმა" გადაიყვანა თავისი მებრძოლების უმეტესი ნაწილი, რომლებიც ლიბიაში იბრძოდნენ, უკრაინაში.
გასულ თვეში უკრაინის სამხედრო დაზვერვა ირწმუნებოდა, რომ რუსეთმა დადო შეთანხმება მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ლიბიელ სამხედრო მეთაურთან ხალიფა ჰაფტართან ლიბიელი მებრძოლების გაგზავნის შესახებ.
The Guardian-ის წყაროს ინფორმაციით, კრემლს უკრაინაში ომის მეორე ფაზაში 4 მიზანი აქვს - დონბასის დაკავება, ყირიმზე სახმელეთო გასასვლელის უზრუნველყოფა და ამ მიზნის მისაღწევად მარიუპოლის ხელში ჩაგდება, ხერსონის ოლქის დაკავება ყირიმისთვის მტკნარი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და დამატებითი ტერიტორიის ხელში ჩაგდება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბუფერული ზონა ან ვაჭრობის საშუალება მოლაპარაკებებში.
დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის არმია მრავალი იგივე გამოწვევის წინაშე დგას, რის გამოც უკვე იწვნია მარცხი კიევისა და ჩრდილოეთისთვის ბრძოლაში.
ევროპელი ოფიციალური პირი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიის რიგებში საბრძოლო სულისკვეთება დაბალია და სულ უფრო იკლებს.
"მათ [რუს ჯარისკაცებს] არ მოსწონთ ეს ომი, რადგან არ მოსწონთ რუსულად მოლაპარაკე ხალხის მკვლელობის იდეა. მათ დაკარგეს ბევრი თანამებრძოლი ჩრდილოეთში და დაკარგეს საზღვაო კრეისერი "მოსკვა", - ამბობს წყარო.