ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლემ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის ტარების მუხლით.
განაჩენის გამოცხადებისას, თავად ბრალდებულები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. ისინი პროცესს ონლაინ ფორმატში ჩაერთნენ.
ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ფიქრის გორაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 2021 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით, ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.