რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები. და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა", - განაცხადა მან ბრიტანულ ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, არის თუ არა ეს ომი რუსეთისთვის დამამცირებელი, უკრაინაში დანაკარგის მასშტაბების გათვალისწინებით, პესკოვმა უპასუხა: "არა, ეს არასწორი გაგებაა იმის შესახებ, თუ რა ხდება".
რუსეთი უკრაინაში გაჩაღებულ ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და თითქმის არაფერს იტყობინება უკრაინაში საკუთარი ძალების დანაკარგის შესახებ.
უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის 40-ზე მეტი დღის განმავლობაში, რუსეთმა დანაკარგის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ორჯერ გაავრცელა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, 25 მარტის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთმა მოკლულის სახით დაკარგა 1351 ჯარისკაცი, ხოლო 3825-მა სხვადასხვა ჭრილობა მიიღო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 6 აპრილის მდგომარებით, რუსეთის არმიამ 18 600 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.