საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედ თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა.
"აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო, როგორც პოლონეთის სახელმწიფოს, ასევე, ეუთოს სახელით", - განაცხადა ზბიგნევ რაუმ ორბელიანების სასახლეში.
შეხვედრისას ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებზე.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც პოლონეთი უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად დგამს აჩვენებს, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერისათვის.
სალომე ზურაბიშვილმა მინისტრს თბილისში მაისში დაგეგმილი ქალი ლიდერების საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტებში ქალთა როლს შეეხება.