მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს, რომ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეუთო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს უპირობო მხარდაჭერას უკრაინაში ეუთო-ს მონიტორინგის სპეციალური მისიის მიმართ. ასევე, აღსანიშნავია თბილისის შეთავაზება, დახმარება აღმოეჩინა ეუთო-ს წარმომადგენელთათვის ევაკუაციის პროცესში“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.
მისი თქმით, რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამანადგურებელი ქმედებები სხვა რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ ეუთო-ს არეალში, სადაც საქართველო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ხილვადი მაგალითი, მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს მცდელობა, ძალისმიერი მეთოდებით მოხდეს საზღვრების ცვლილება ევროპაში.
„ტანკებისა და მავთულხლართების ენა არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს. ის მიმართულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა ან მოლდოვა, არამედ იგი მიმართულია ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზბიგნევ რაუმ.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პოლონეთი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საქართველოს საკითხი აქტუალური იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში.
„ჩვენი თავმჯდომარეობის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში არსებული კონფლიქტის საკითხები იყოს მაღალ დონეზე საერთაშორისო დღის წესრიგში. ჩვენი ამოცანაა, სხვა თანათავმჯდომარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არსებობდეს ღია არხები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს შორის, რათა თავიდან ავიცილოთ წინასწარ განზრახული ესკალაცია“, – განმარტა ზბიგნევ რაუმ და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ ეუთოს მტკიცე მხარდაჭერა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.