დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დავსვი, რადგან ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევა - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომელმაც ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხი დასვა.
ბოკუჩავას განმარტებით, დიპლომატიური პროტოკოლის უმარტივესი წესია, რომ დახურული შეხვედრის ზოგადი შინაარსის გარდა, კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ შეიძლება.
"მესმის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია, მაგრამ დიპლომატიური პროტოკოლის გათვალისწინებით, შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვინაიდან, „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, გეტყვით, რომ დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დავსვი, რადგან ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევა. ახლა არის ვითარება, როცა პოლიტიკური ძალები უნდა ახდენდნენ კონსოლიდაციას, რათა სწორად გავუმკლავდეთ სერიოზულ საგარეო გამოწვევებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე განხორციელდა პოლონეთის პრემიერისა და პრეზიდენტის ვიზიტები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ პოლონეთს კარგად ესმის, რამდენად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას საქართველო. სამწუხაროდ, არ არის მხოლოდ გარე გამოწვევა რუსეთის მხრიდან, შიდა გამოწვევის წინაშეც ვდგავართ – ეს არის ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება, სასამართლოს სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, რომლის ყველაზე ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საკითხი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ეუთო-ს თავმჯდომარის ნაცვლად, დეტალებზე პრინციპულად არ ვისაუბრებ. ნიკოლოზ სამხარაძემ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ციტირებდა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.