ჩვენი ისტორიული და მორალური ვალია თავისუფალი სამყაროს გვერდით დადგომა, რაც მშვიდობიანი დეოკუპაციის მთავარი და ერთადერთი წინაპირობაა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.
მისი თქმით, ხელისუფლება დღეს ამას არ აკეთებს, რაც ასევე გახლავთ რუსული ოცნების მარიონეტული და კაპიტულანტური პოლიტიკის გამოხატულება.
"დღეს საქართველოს ირგვლივ არამშვიდობიანი განცხადებების და შიშის დათესვის მთავარი ავტორები და პროპაგანდისტები არიან ივანიშვილის რუსული პარტია და მისი ლიდერები. ამ პარტიის გადაწყვეტილებით, დღეს საქართველო მსოფლიოს მიერ განიხილება, როგორც შავი ხვრელი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის წარმომადგენელთა პოზიცია ამაზე სრულიად ნათლად მეტყველებს. ამ პარტიის გადაწყვეტილებით, საქართველო ჩაბმულია რუსული სამხედრო მრეწველობის ათობით მილიონი ლარით დაფინანსებაში. რუსული ოცნების დესტრუქციის გამო, უკრაინის ელჩი დღეს საქართველოდან გაწვეულია. ასევე, რუსული პარტიის ლიდერები დაუფარავად მისტირიან ეს-ენ-გეს და მზად არიან რუსულ ევრაზიულ კავშირში შესასვლელად, რაზეც ისაუბრა ამ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თაობების ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში უდიდესი მნიშვნელობის აქტია "ნაციონალური მოძრაიბის" დელეგაციის ევროპის ქვეყნების პარლამენტარებთან ერთად გამართული შეხვედრები უკრაინის რადაში.
"დღეს მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად დარჩა მხოლოდ სამი სახელმწიფო – რუსეთი, ბელარუსი და საქართველო, რომელი მხარს უჭერს რუსეთის არაადამიანურ აგრესიას უკრაინაში. ჩვენი ისტორიული და მორალური ვალია თავისუფალი სამყაროს გვერდით დადგომა, რაც მშვიდობიანი დეოკუპაციის მთავარი და ერთადერთი წინაპირობაა. ხელისუფლება დღეს ამას არ აკეთებს, რაც ასევე გახლავთ რუსული ოცნების მარიონეტული და კაპიტულანტური პოლიტიკის გამოხატულება. ამ ვითარებაში უდიდესი მნიშვნელობის აქტად მივიჩნევთ "ნაციონალური მოძრაიბის" დელეგაციის ევროპის ქვეყნების პარლამენტარებთან ერთად გამართულ შეხვედრებს უკრაინის რადაში. ასაევე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და უკრაინის მთავრობაში. ამ ტიპის კონტაქტები სამომავლოდაც გაგრძელდება", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, ნუგზარ წიკლაურის განმარტებით, უკრაინაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად.
"ჩვენი პარტიის შეხვედრები ტარდებოდა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად. რადაში შეხვედრის დროსაც იყვნენ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. ნუთუ, კობახიძეს წარმოუდგენია, რომ ყველა ეს ქვეყანა ომის პარტიაა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ომის პარტია და ბრიტანეთი არის ომის პარტია? ეს ასე არ არის და მისთვისაც ყველაფერი კარგად ცნობილია. ეს არის კობახიძის მხრიდან შიდაპოლიტიკური ხრიკი, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს მიაწებოს იარლიყი, თითქოს და აქ ვინმეს სურს ომი და ვინმეს სურს ესკალაცია. ეს არის გამიზნული მოქმედებები და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.