საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელეკომუნიკაციო სფეროში რუსეთის ფედერაციის უკანონო საქმიანობაზე რეაგირებისთვის მუშაობას რამდენიმე სტრუქტურა კოორდინირებულად გააგრძელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საქართველოს პრლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე მიიღეს.
აღნიშნული თხოვნით საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა კახა ყურაშვილმა მიმართა.
მისი ინფორმაციით, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ~ კანონის მიღებამ საშუალება მისცა ქართულ მხარეს, მოეგო სასამართლო პროცესი რუსულ კომპანია "მეგაფონთან~ და მას მილიონი დოლარი ჯარიმის სახით დაეკისრა. თუმცა ყურაშვილის თქმით, აღსრულების წარმოება რთულია. ყურაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა ქონებრივი სასჯელის აღსრულება, სანქციები აღძრული იქნება კერძო პირების - რუსული კომპანიის ხელმძღვანელების მიმართ.
კომისიის წარმომადგენელმა, რუსულ კომპანიასთან უფრო მკაცრი მიდგომისთვის, პარლამენტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეში ჩართვა მოითხოვა.
პაატა დავითაიას თქმით, სიტუაციის ასე გართულებამდე ქართული მხარე მიიყვანა იმ გარემოებამ, რომ თავის დროზე პროკურატურა მისი მოთხოვნის მიუხედავად არ დაინტერესდა, თუ ვინ მიჰყიდა ობშორულ ზონაში აფხაზურ კომპანია "აკვაფონს" ქართული კოდი - 282 067, რომელიც ამ დრომდე მოქმედებდა. დეპუტატი ურჩევს მარეგულირებელს, დაინტერესდეს, ხომ არ აქვს რომელიმე ქართულ კომპანიაში წილი "მეგაფონს", რათა გაიოლდეს მასზე დაკისრებული სანქციის აღსრულება. დავითაიამ მოუწოდა კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებში საკითხი დასვას კომპანიის კრიმინალურ მხარეზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის, საგარეო უწყებისა და მარეგულირებლის წარმომადგელები, შოთა მალაშხიას თქმით, კოორდინირებულად იმუშავებენ და 2-3 კვირაში შეიკრიბებიან.
15 ნოემბრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე სატალეფონო კავშირი რუსული და ქართული კოდებით ხორციელდება. 1-ლი იანვრიდან კი მოქმედებაში მხოლოდ რუსული კოდი იქნება.