საქართველოს პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ავტოსაგზაო შემთხვევას მაგისტრალზე 3 პატრულ-ინსპექტორი ემსხვერპლა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
პროკურატურის ცნობით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
"12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო ,უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.