ნამდვილად არ ვაპირებ დავაკნინო პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის როლი, მაგრამ მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.მამუკა მდინარაძის თქმით, ანგარიშის წარდგენის დროზე დასაჩქარებელი არაფერია.
"პრეზიდენტის ინსტიტუტისა და პრეზიდენტის მიმართ პატივისცემას თავშივე დავაფიქსირებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა კონსულტაცია. არსებობს რამდენიმე კონკრეტული არგუმენტი. მაგალითად ის, რომ გაწერილი წესი და არსებობს ჩანაწერი, რომ შეგვიძლია სხვა თარიღიც შევარჩიოთ. ვფიქრობ და ჩემი კოლეგებიც მეთანხმებიან, რომ აქტუალური თემა არის სხვა საკითხები. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ვაპირებ დავაკნინო პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის როლი, მაგრამ მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია და ვფიქრობ, რომ ანგარიშის წარდგენის დროზე დასაჩქარებელი არაფერია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია. გთავაზობთ, რომ პირველივე სხდომის დღეს გავაკეთოთ, მოვისმინოთ ანგარიში, როგორც ეს კონსტიტუციითა და რეგლამენტითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს, ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურ მზაობას გამოვთქვამთ დღესვე, რომ იყოს პრეზიდენტის მხრიდან მოწოდება პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრის, დღესვე შეგვიძლია გავმართოთ და ვისაუბროთ ამ თემაზე. თუ პრეზიდენტს სურს ქვეყნის მოსახლეობას რაღაც საკითხი გააცნოს, ბუნებრივია, ეს ნებისმიერ სხვა ფორმატში - ბრიფინგისა თუ პრესკონფერენციისას შეუძლია. თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან ურთიერთობაზეა საუბარი, დღესვე შეგვიძლია მივიდეთ, დავსხდეთ, ვისაუბროთ. პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა. ამ შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა, კომიტეტების ხელმძღვანელები, დეპუტატები არიან მივლინებებში, მათ შორის საგარეო ურთიერთობის, ევროინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები", - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგენას 5 მარტს გეგმავდა. ამის შესახებ მისმა ადმინისტრაციამ გუშინ, 2 მარტს, გაავრცელა ინფორმაცია.