თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას კიევის მერთან ვიტალი კლიჩკოსთან მეგობრობა აკავშირებს და სატელეფონო კომუნიკაცია მასთან დღესაც ჰქონდა.
"ვიტალი კლიჩკოსთან მეგობრობა მაკავშირებს და რა თქმა უნდა, მქონდა კომუნიკაცია, დღესაც ვესაუბრე. მესაუბრებოდა იქ მიმდინარე მოვლენებზე, იმ სირთულეებზე, რაც დღეს უკრაინაშია. ჩვენ ჩვენი მხრიდან აღვუთქვით მხარდაჭერა და დახმარება. მათი თხოვნა იყო, რომ ის ჰუმანიტარული ტვირთები, რომელიც საქართველოდან იგზავნება, ისეთი ქალაქებისთვის მიგვეწოდებინა, როგორიცაა ხარკოვი, მარიუპოლი, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ და თანადგომა სჭირდებათ", - განაცხადა კახა კალაძემ და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერ ჰუმანიტარულ ღონისძიებებში არიან ჩართული.