"ეს განცხადება სიტყვასიტყვით იყო ნათქვამი ბატონი სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს აგრესიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. ეს რომ არა, ეს განცხადება მისასალმებელი იქნებოდა", _ განაცხადა რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომლის დროსაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალას არ გამოიყენებს და მზადაა, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
კოსაჩოვი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მაშინაც "ზუსტად ასე განაცხადა, რომ არ აპირებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯარის გაგზავნას და ამ განცხადების შემდეგ სწორედ ეს გააკეთა".
კონსტანტინე კოსაჩოვი ასევე აცხადებს, რომ ახლა არ არის საჭირო მსგავსი განზრახვების დეკლარირება, არამედ ახლა საჭიროა ხელი მოეწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელსაც - "ერთი მხრივ საქართველოს ხელისუფლება მოაწერს ხელს, ხოლო მეორე მხრივ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებები".
"ამ შემთხვევაში რუსეთი შესაძლოა იქნებოდა გარანტი ამგვარი იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების გაფორმებისა", _ აცხადებს კოსაჩოვი.