"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებასა და ინტერესებს ეძებენ, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
პრემიერმა თქვა ისიც, რომ მათი მიზანია განმეორდეს ის უბედურება, რაც 2008 წელს ვერ აარიდეს ხალხსა და ქვეყანას.
"კარგად გვახსოვს როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორც დაიცვა საკუთარი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი. გახსოვთ, რომ მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და მიატოვა კაცმა და მთელს ერს აჩვენა საკუთარ მხდალი სახე. მთელს მსოფლიოს დაამახსოვრა თავი ჰალსტუჰების ჭამითა და მიწაზე ფორთხვით. ეს ძალიან კარგად გვახსოვს, კარგად გვახსოვს ვინ იომა აგვისტოს ომის დროს - მაშინ იომა ჩვენა გმირმა ჯარმა. თავგანწირვით იომეს და თავი შესწირეს ჩვენმა პოლიციელმა, ღირსეულმა ოფიცრებმა. მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი. გაქცეული პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები - მათ ქვეყანა დატოვეს ომის დროს და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. ასევე კარგად მახსოვს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა. მაშინ, როდესაც ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, მთავრობის წევრები სააკაშვილის მეთაურობით ხუმრობის ხასიათზე იყვნენ. დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს რომ ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს, უკრაინაში ომში მივიღოთ მონაწილეობა და ა.შ.“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.