ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნებოდა ეს ეუთო-ს მინისტერიალი თუ გაერო-ს ფორმატში, ყველა დონეზე მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და წესებს.
"ასევე ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მონაწილეობა ეუთო-ს მინისტერიალში, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დოკუმენტს. ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ, ხაზგასმით გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მკაფიო სოლიდარობა ვაჩვენეთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს. ასევე ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის უფლების შეჩერების შესახებ და რა თქმა უნდა, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაზე მინისტრმა ზალკალიანმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს პოზიციის შესახებ. ასევე გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას საქართველომ 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.