ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის გამოთქმული ინიციატივა მედვედევთან მოლაპარაკებების დასაწყებად, რუსეთის პრეზიდენტს ძალზედ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყანებს, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცინცაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა ძალიან კარგად მიიღო მიხეილ სააკაშვილი.
"ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა, მედვედევს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყანებს. როდესაც 21 - ე საუკუნეში, დიდი ქვეყნის ლიდერი მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს ამბობს, ეს მედვედევს ღირსებას არ მატებს. პირიქით, მის მიმართ მსოფლიო უნდობლობა იზრდება. მას ისედაც ეჭვის თვალით უყურებს ამერიკისა და ევროპის ლიდერები. მედვედევი შეიძლება თანახმაა მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ არსებობს პუტინის ფაქტორი. მას მოლაპარაკებების წამოწყება გააცოფებს, რაც შესაბამისად ამ ორ ქვეყანას შორის რაიმე დიალოგის დაწყებას საფრთხეს უქმნის. რუსეთი ცდილობს ფართო სპექტრში გაშალოს თანამშრომლობა დასავლეთთან, მაგრამ მათი უარი მოლაპარაკებების შესახებ, ამ პროცესების წარმართვაში ხელს შეუშლის", - განმარტავს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სოსო ცინცაძე.
მან დადებითად შეაფასა სააკაშვილის ევროპარლამენტში გამოსვლა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლისას ორჯერ შეაწყვეტინეს ტაშით სიტყვა, ნიშნავს, რომ მისი გამოსვლა ევროპამ ძალიან კარგად შეაფასა.
"სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყველა ის პრობლემა წარმოაჩინა, რომელიც საქართველოს წინაშე იდგა. ვარშავიდან დაწყებული სტრასბურგამდე, საქართველოსთვის ძალიან ნაყოფიერი დიპლომატიური 10 დღე იყო", - აცხადებს ცინცაძე.