გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ორშაბათს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დასავლეთის მოკავშირეთა ერთობლივი მიზანი ესკალაციის თავიდან აცილებაა.
"ჩვენ მზად ვართ სერიოზული დიალოგისთვის რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე. ნატომ და აშშ-მა რუსეთს წარუდგინეს კონკრეტული წინადადებები, რასაც მხარს ვუჭერთ. ახლა ველოდებით რეაქციას, პასუხს რუსეთისგან", - განაცხადა შოლცმა.
კანცლერის განცხადებით, სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, დასავლეთი მკაცრ სანქციებს აამოქმედებს.
"სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენ, მოკავშირეებთან კოორდინაციით, მზად ვართ ფართომასშტაბიანი და ეფექტური სანქციებისთვის. ცხადად რომ განვმარტო, თუ რუსეთი კიდევ ერთხელ დაარღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ", - თქვა კანცლერმა შოლცმა.
შოლცის უკრაინაში ვიზიტი ნაწილია იმ მცდელობისა, რომელსაც, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე, დასავლეთი დეესკალაციისა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს.
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ოლაფ შოლცი რუსეთს გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ პუტინს შეხვდება.
ვიზიტის დაწყებამდე, ოლაფ შოლცმა რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდა. კანცლერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შემდგომი სამხედრო აგრესია სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს.
მისი თქმით, რუსეთის ქმედებები ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში.
დასავლეთის მიერ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საპასუხო ზომების შესახებ კონკრეტული ცნობები ჯერ კიდევ არ არის გასაჯაროებული, თუმცა ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.
ბოლო თვეებია, დასავლეთი უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სახმედრო ძალების კონცენტრაციით შეშფოთებულია და მოსკოვის სამხედრო ინტერვენციის საფრთხეზე საუბრობს. 2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე განათავსა.
კრემლი უარყოფს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის ზრახვებს. დასავლეთი მოსკოვს დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. წინააღდეგ შემთხვევაში მასშტაბური სანქციებით ემუქრება. საპასუხოდ, კრემლი დასავლეთს უკრაინის შეიარაღებასა და ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს.