კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ამ წუთებში ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ.
შოლცის უკრაინაში ვიზიტი ნაწილია იმ მცდელობისა, რომელსაც, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე, დასავლეთი დეესკალაციისა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს.
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ოლაფ შოლცი რუსეთს გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ პუტინს შეხვდება.
ვიზიტის დაწყებამდე, ოლაფ შოლცმა რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდა. კანცლერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შემდგომი სამხედრო აგრესია სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს.
მისი თქმით, რუსეთის ქმედებები ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში.
დასავლეთის მიერ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საპასუხო ზომების შესახებ კონკრეტული ცნობები ჯერ კიდევ არ არის გასაჯაროებული, თუმცა ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.
შოლცის უკრაინაში ვიზიტის კვალდაკვალ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს "დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრებმა, სადაც რუსეთი, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მასშტაბური ეკონომიკური შედეგების შესახებ გააფრთხილეს.
ამავე დროს, ფინანსთა მინისტრება პირობა დადეს, რომ უკრაინის ეკონომიკას ძლიერ მხარდაჭერას გაუწევენ.
ბოლო თვეებია, დასავლეთი უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სახმედრო ძალების კონცენტრაციით შეშფოთებულია და მოსკოვის სამხედრო ინტერვენციის საფრთხეზე საუბრობს. 2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე განათავსა.
კრემლი უარყოფს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის ზრახვებს. დასავლეთი მოსკოვს დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. წინააღდეგ შემთხვევაში მასშტაბური სანქციებით ემუქრება. საპასუხოდ, კრემლი დასავლეთს უკრაინის შეიარაღებასა და ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს.
ფოტო: Reuters