რეინტეგრაციის საკითხებში ახლად დანიშნული სახელმწიფო მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის აზრით, რუსეთს ოკუპანტის სტატუსის დიდხანს ტარება გაუჭირდება.
"როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად, ოკუპანტის სტატუსის დიდხანს შენარჩუნება არის წარმოუდგენელი. ამიტომაც საქართველოს ოკუპაციას აუცილებლად ექნება დასასრული, შესაბამისად, დეოკუპაციის პროცესი დაიწყება", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მისი განმარტებით, საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის ოკუპანტად გამოცხადებით პრობლემის გადაწყვეტა არ ხდება, მაგრამ აღნიშნულის ხშირად გამეორება "კარგი საფუძველი ხდება, რომ დეოკუპაციისთვის შემდგომი ნაბიჯები იქნებას გადადგმული".
"იმის ხშირად გამეორებას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, აქვს კონკრეტული დატვირთვა: 21-ე საუკუნეში ნებისმიერი სახელმწიფოს და მით უმეტეს მეზობელი, პატარა ქვეყნის მხრიდან ოკუპანტად მოხსენიება კარგი საფუძველია იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დეოკუპაციისთვის შემდგომი ნაბიჯები გადადგას", - განმარტა ტყეშელაშვილმა "ქრონიკასთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში მორიგი ცხვლილებები ორი დღის წინ მოხდა: რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე თემურ იაკობაშვილი ეკა ტყეშელაშვილმა შეცვალა, ტყეშელაშვილი კი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე - გიგა ბოკერიამ.