შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შშმ პირთა მშობლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ და იმ პოლიციელის დაკავებას მოითხოვენ, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეს სცემა.
"ეს არის პირდაპირ არაადამიანური მოპყრობა და წამება, აქ არ ფიგურირებს მხოლოდ ერთი პოლოციელი. გომელაური ვალდებულია, რომ გამოვიდეს და საგანგებო ბრიფინგი გამართოს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეზე მოკვლევა დაიწყეს.
მომხდარზე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.