2022 წლის 15 იანვარს ძლიერი შტორმის გამო, ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში მყოფმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა (სახელწოდება: SGV-Flot, IMO 8033089), დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ.
გემმა შეძლო ნაპირისკენ სვლის შეჩერება და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სამსახურებთან კოორდინაციით, დაახლოებით 03:00 საათის შემდეგ დაიწყო ზღვისკენ სვლა.
16 იანვარს 09:55 გემი უსაფრთხოდ დადგა საღუზე წერტილში, თუმცა კაპიტანის ინფორმაციით, ღუზები გადაიხლართა და ვერ ახერხებდა მათ სრულ ამოღებას წყლიდან.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მიერ, გემთან კოორდინაციით, დაიგეგმა ღუზების წყლიდან ამოღებისა და გადახლართული ჯაჭვებიდან ერთ-ერთის ჩაჭრის ერთობლივი ოპერაცია.
ღუზების ზღვიდან ამოღების პროცესში ტალღის და დინების შედეგად გემის თვითნებური გადაადგილების თავიდან აცილებისა და გემის იგივე პოზიციაზე გამაგრების უზრუნველსაყოფად, 2022 წლის 18 იანვარს 08:00 სთ-ზე ბათუმის ნავსადგურიდან გავიდა ბუქსირი TAMARA-1 რეიდზე მდგომი მშრალტვირთმზიდის (SGV FLOT) მიმართულებით.
ავარიული სამუშაოები წარმატებით დასრულდა. გემი ბუქსირის თანხმლებით შემოვიდა ბათუმის ნავსადგურში, სადაც გაგრძელდება დანარჩენი სამუშაოები და პარალელურ რეჟიმში დაიწყება დატვირთვა.
"ჯგუფის ერთობლივი და მიზანმიმართული მუშაობა დასრულდა გამარჯვებით - გემი განთავისუფლებულია ღუზების ტყვეობისგან", - აღნიშნა ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა თენგიზ გადილიამ.
ოპერაციის მართვაში ჩართული იყო და კოორდინირებულად მუშაობდა რამდენიმე სამსახური: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, ზღვაზე ძებნა გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი და სამაშველო ჯგუფი, შ.ს.ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.