ექსპერტი ნიკა ჩიტაძე თბილისის მიერ მოსკოვთან დიალოგის დაწყების თაობაზე მზადყოფნას მიესალმება, თუმცა ეჭვობს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე არ წამოვა.
"თავისთავად, ის, რომ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის და შესაბამისად, ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი საფრთხეების შემცირება სურს, მისასალმებელია. დიალოგს მართლაც არ აქვს ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დეოკუპაცია, მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა მივიღოთ ამის შედეგად", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ლისაბონში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას.
ამასთა, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ დიალოგზე რუსული მხარე არ წამოვა, რითაც 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის გამართლებას შეეცდება.
"მოსკოვი "გაღმა შეტევის" პრინციპით მოქმედებს და საქართველოს აქეთ ადანაშაულებს იმ აგრესიაში, რომელიც ცხინვალში თვითონ განახორციელა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ამ აგრესიის გამართლებას და საკუთარი, ვითომდა, სიმართლის დამტკიცებას, თუნდაც იმ ფორმით შეეცდება, რომ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არ დაჯდება", - განმარტა ექსპერტმა.
გარდა ამისა, ნიკა ჩიტაძემ ისიც დააკონკრეტა, რომ ის რუსეთთან მხოლოდ საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მოლაპარაკებების დაწყებას უჭერს მხარს, რიგი პარტიების "ყოველგვარ ამდაგვარ მცდელობას კი უარყოფითად აფასებს".
შეგახსენებთ, რომ ლისაბონში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "BBჩ"-სთან საუბარში განაცხადა, რომ ის მზადაა რუსულ მხარეს, მათ შორის პირადად პრეზიდენტ მედვედევს "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეხვდეს".