პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სააკაშვილი და მედვედევი ერთმანეთთან შეხვედრას თავს შეგნებულად არიდებენ.
"მეჩვენება, რომ სააკაშვილი შეგნებულად არიდებს თავს მედვედევთან შეხვედრას, ისე როგორც მედვედევი სააკაშვილთან, რადგან ორივე დარწმუნებულია, რომ არც ერთი წავა კომპრომისზე (ჩვენ კომპრომისზე წასვლის საშუალება არც გვაქვს). ამიტომაც ქმნიან ისინი ისეთ გარემოს, თითქოს დიალოგისთვის მზად არიან და ამას საჯარო გამოსვლებშიც აცხადებენ, თუმცა ეს განცხადებები მხოლოდ არარეალობის გამომხატველია", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ლისაბონში გაკეთებულ გაცხადებაზე კომენტირებისას.
ამასთან, პოლიტოლოგის განმარტებით, თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შესაძლო დაწყებას წინამოსამზადებელი სამუშაოებიც სჭირდება და ეს იმ ფონზე, როცა მიხეილ სააკაშვილი რუსეთის სპეცსამსახურების უსუსურობაზე საუბრობს და პრეზიდენტ მედვედევის მისამართით ცინიკურ განცხადებებს აკეთებს, შეუძლებელი ხდება.
"ასეთი წინაპირობები ვერ იქნება კარგი საფუძველი იმისა, რომ დიალოგი დაიწყოს", - განმარტა პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა რუსულ მხარესთან, მათ შორის კოლეგა მედვედევთან "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე დიალოგისთვის".