რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრება. აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
ლავროვის განცხადებით, პუტინი ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიწვევით, პეკინს 4 თებერვალს, ოლიმპიადის გახსნის დღეს ეწვევა.
მისივე განცხადებით, ლიდერები გამართავენ რუსეთ-ჩინეთის სამიტს, სადაც წარიმართება სრულმასშტაბიანი მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ, ადამიანის უფლებების მზარდი დარღვევების ფონზე, პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს.
პეკინის ოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს არის დაგეგმილი.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩინეთს ადანაშაულებენ მუსლიმი უიღურების მიმართ იძულებით შრომასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებში ჩინეთის სინცზიან-უიღურის რაიონში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჩინეთს ბრალს დებენ ასევე სინცზიანის პროვინციაში მასობრივ დაკავებებსა და წამებაში. იუწყებიან, რომ ამ პროვინციაში ჩინეთმა შექმნა ე.წ. შრომითი ბანაკები, სადაც ასეულ ათასობით უიღურ მოქალაქეებს ამყოფებს.
უიღურთა მასობრივი შევიწროების გამო, წლის დასაწყისში ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ჩინეთის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციები დააწესეს.