პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე ორი სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა და კენჭისყრის შედეგად 84 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.
ეს დოკუმენტებია: „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - სწრაფი რეაგირების კომპონენტი)" და „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი - აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - პროექტის საინვესტიციო კომპონენტი)".
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკთან დადებული ორივე ხელშეკრულება ვაქცინაციისთვის დამატებითი თანხის გამოყოფის საკითხს უკავშირდება.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ქვეყანას მომავალი წლის ვაქცინაციისთვის ვაქცინის დოზების დიდი მარაგი უკვე აქვს, თუმცა განსხვავებული შტამებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დამატებითი ვაქცინების შესყიდვის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. დამატებითი თანხები სწორედ ამ მიზნებს მოემსახურება. იქნება ასევე პლატფორმა, რომელიც ხელს შეგვიწყობს, მივიღოთ ვაქცინების დამატებითი დოზა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით ერთი ხელშეკრულებით გამოიყოფა 12 მილიონ 179 ათასი ევროს ოდენობის თანხა, რომელიც სრულად უნდა მიიმართოს ვაქცინაციის პროცესისთვის, რაც გულისხმობს როგორც ვაქცინის შესყიდვას, ასევე მის ტრანსპორტირების და სხვა საჭირო ხარჯებს და მეორე ხელშეკრულებით გამოიყოფა 464 ათასი ევრო, რომელიც უშუალოდ ადმინისტრირების პროცესისთვის არის განსაზღვრული.
სასესხო პირობები შემდეგია: 12 მილიონ 179 ათასი ევროს შემთხვევაში არის 10 წლიანი სესხი, მათ შორის, სამი წელი შეღავათიანი პერიოდით, ხოლო 464 ათასი ევროს შემთხვევაში - 22 წლიანი სესხი, 15 წლიანი შეღავათიანი პერიოდით.