"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) განცხადებით, ახალი წლიდან გალელების ნაწილს, შესაძლოა, გადაადგილების უფლება შეეზღუდოს.
ორგანიზაციის განცხადებით, 2021 წლის 27 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ფორმა №9, რომელიც გალის რაიონის მცხოვრებთა ნაწილისთვის გადაადგილების უფლებასთანაა დაკავშირებული, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან გაუქმდება.
"ახალი წლის დღესასწაულის დღეებში გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტის გაუქმება ადგილობრივებისთვის დამატებითი ბარიერის შექმნას ემსახურება. სახლში ვერ დაბრუნების შიშით, ხუთი ათასი გალელი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, აფხაზურ-რუსული პასპორტით ისარგებლოს. არსებობს სხვა გამოსავალიც: ორ თვეზე მეტი ხნით ლოდინი ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან რუსი სამხედროებისთვის ქრთამის მიცემა.
იმის გათვალისწინებით, რომ მესამე წელია, რაც ცხინვალი-თბილისს შორის გადაადგილება სრულად შეზღუდულია, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ფორმა №9-ის გაუქმებით ხელოვნურად სწყვეტს გალელებს თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიისგან, საქართველოს ხელისუფლებას მართებს მკაფიო პოზიციის დაფიქსირება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა გალელების დისკრიმინაციის აღსაკვეთად, უზრუნველყოს მათი ინტერესების დაცვა და დარღვეული უფლებების აღდგენა", - წერს DRI.
მათივე ცნობით, გალის რაიონში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქედან ხუთი ათასზე მეტს მხოლოდ ფორმა №9 აქვს, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი კი - 1,049-ს. ბინადრობის ნებართვა 19,707 ადამიანს აქვს მიცემული. გალში საარჩევნო ხმის უფლებით მხოლოდ 1,049 აფხაზეთის მოქალაქე გალელი სარგებლობს.