უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა გოჭოშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დიაკუსიების შეხვედრებზე. სისტემატურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი”. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
„საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
გელა გოჭოშვილი 14 აგვისტოს დააკავეს.