„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული კანონმდებლობის საბჭოთა მემკვიდრეობისაგან გათავისუფლება, აგრეთვე, სამეცნიერო დასკვნებსა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარება იქნება", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში განაცხადა.
რატი ბრეგაძის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდს თან სდევდა არაერთი პოლიტიკური ქარტეხილი, რის გამოც ქვეყანას არ მიეცა საშუალება, საფუძვლიანად შესწავლილ სამართლებრივ ფუნდამენტზე ეფიქრა. ამიტომ სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარება პრიორიტეტულია. „დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს სამართლის სისტემა არნახული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მოქმედი სამართლებრივი აქტები მაკულატურად გადაიქცა და ქვეყანას სამართლებრივი კოლაფსი დაემუქრა. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, რომელსაც თან გასდევდა სამოქალაქო ომი, სიდუხჭირე და მრავალი პოლიტიკური ქარტეხილი, ჩვენ არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ საფუძვლიანად შესწავლილი სამართლებრივი ფუნდამენტის შექმნაზე გვეფიქრა. სწორედ ამიტომ სამეცნიერო დასკვნებსა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა", – თქვა მინისტრმა.
რატი ბრეგაძემ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომლებიც ამ პრიორიტეტული მიზნის რეალიზაციისათვის გადაიდგა.
მინისტრის თქმით, ასეთია სამეცნიერო-იურიდიული ჟურნალის დაფუძნება, აგრეთვე, სამართალშემოქმედების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა: „დაფუძნდა სამართლებრივი სამეცნიერო ჟურნალი „იუსტიცია", რომლის პირველი ნომრის პრეზენტაცია უკვე წლის ბოლომდე გაიმართება; ასევე, გამოვაცხადეთ საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის... 14 პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო".
რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობას სამართალშემოქმედების პროცესში. მინისტრის თქმით, თანამშრომლობა ახალგაზრდებთან უფრო ინტენსიური გახდება.
„ახალგაზრდების მეტი რაოდენობით მოზიდვის მიზნით წლის ბოლომდე გაფორმდება მემორანდუმები საქართველოში მოქმედ ყველა უნივერსიტეტთან, რის შედეგადაც კვლევასა და საფუძვლიან ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესი განვითარების კიდევ უფრო ახალ საფეხურზე გადავა", – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ კიდევ ერთი ამოცანა იუსტიციის სამინისტროსათვის ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიღებული კანონების დახვეწა და მათი საბჭოთა სამართლებრივი მემკვიდრეობიდან სრულად დაცლაა. რატი ბრეგაძემ იმედი გამოთქვა, რომ სამართალშემოქმედებით პროცესში აქტიურად ჩაერთვება საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგად „ქართული სამართლებრივი სისტემა დამტვერილი, უსარგებლო და მივიწყებული საბჭოთა სამართლებრივი სისტემისაგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება".